საგაზეთო სტატიები

   ,,შემოდგომის ფესტივალი“  ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლაში

         2018 წლის 31 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედ.კოლექტივმა   წელიწადის უმშვენიერესი დრო - შემოდგომა, ,, ფესტივალით“ გავაცილეთ.   იდეის ავტორი გახლდათ სკოლის დირექტორი ქალბატონი თეა ჩხეტია. ქალბატონმა თეამ მოგვცა წინადადება, რომ ღონისძიება  სიმბოლურად დაგვეკავშირებინა  მოსავლის აღებასთან, ხვავთან,  ბარაქასთან, დოვლათთან და ასე გაგვეცოცხლებინა შემოდგომის სურათები.

     ღონისძიების მომზადებაში ჩაერთო მთელი პედაგოგიური კოლექტივი, ყველა კლასი, დიდი იყო მშობელთა ჩართულობაც. სცენარის  შექმნა და  ხელმძღვანელობა  დაეკისრა  სკოლის  უცვლელ  ,,რეჟისორსა  და პროდიუსერს“   ქალბატონ მედეა გოქაძეს (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).
     დავისახეთ მიზანი... მოსწავლეებს  სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით   დავხმარებოდით გაეაზრებინათ, რომ შემოდგომა  ყველაზე ბარაქიანი დროა საქართველოში და შესაბამისად იმერეთში,  რომ  შემოდგომა   უფრო ხვავრიელი იქნება  თუკი შეიქმნება პირობები  და  სოფლის  მცხოვრებლები არ დაკეტავენ მამა-პაპის   სახლ-კარს, არ გააცივებენ  წინაპრების თბილ კერას,  მიხედავენ და დაამუშავებენ  ამჟამად  ეკალ-ბარდებით დაფარულ  მადლიან ქართულ მიწას.
     ლიტერატურის გაცნობისა და  თეორიული  საუბრების დროს  მოსწავლეების ყურადღება გავამახვილეთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მოსავლის  აღებასთან არის დაკავშირებული, რომ  ხილის თუ ბოსტნეულის არც დაგვიანებით   დაკრეფა   შეიძლება და არც  ნაადრევად,  ვურჩევდით, რომ  მოსავლის აღებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ  დაჟეჟილი და  დაზიანებული ნაყოფი შესანახად უვარგისია.
     ...დავიწყეთ  საქმის პრაქტიკული განხორციელება,   სკოლის დერეფნებში მოეწყო მოსწავლეთა გამოფენები,  რომლებშიც შემოდგომის მოტივები ჭარბობდა.  საკუთარი ნამუშევრების  პერსონალური გამოფენა წარმოგვიდგინა  მე-9 კლასის მოსწავლე ანრი  ჩოგოვაძემ,   უმშვენიერესი გამოფენები ზღაპრულად მორთულმა  დერეფნებმაც დაამშვენა. სკოლის პირველ სართულზე საშემოდგომო განწყობის შექმნაზე პასუხისმგებლობა  დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა აიღეს, გაინაწილეს ვესტიბიულის   მათთვის მოსახერხებელი მხარეები, მორთეს ხალიჩა-ფარდაგებით,  თიხისა და ხის  ჯამ-ჭურჭლით, სხვადასხვაგვარი სასმისებით: ფიალებით, ყანწებით, აზარფეშებით, აგუზგუზებული ბუხრის წინ,  ხის დაბალ სუფრებზე გაწყობილი იყო  დასვრეტილი ყველი და ნეშოიანი მჭადები,  ქინძის სურნელით  გაჯერებული ქოთნის ლობიო და პრასა,  უამრავი ჩურჩხელა და ჩირი,  ცოტა მოშორებით თავს იწონებდა   უგემრიელესი, მრავალფეროვანი ხილით: ქარვისფერი მტევნებით, ლოყაწითელი ვაშლებით, დახეთქილი ბროწეულებით, წაბლით, თხილითა და ნიგზით სავსე  ძველებური ხის გობები, იქვე ახლოს თავმომწონედ  ჩამწკრივებულიყო  ჩაფები და  დოქები,   ღვინის ქვევრები.     ეზოში მთავარ  შემოსასვლელთან  არყის გამოსახდელი მოწყობილობაც გამართეს ჩვენმა მოსწავლეებმა და  თეორიულადაც გააცნობიერეს, რომ არაყი წვეთ-წვეთად გადმოდის, რომ გადმოდენილი არაყი თბილია და მისი დალევა მიზანშეწონილი არ არის,    საარყე ქვაბის ახლოს  დამსკდარი ნაყოფით   ტოტებდამძიმებული  ბროწეულის ხე იდგა, ხის გვერდით - ფერად-ფერადი გოგრების მთა. საპირისპირო მხარეს   ,,სავარგულებიდან  ახლადმოსულ“      ურემზე, ჩალის, თივისა და ჯერ კიდევ  გამოურჩეველი სიმინდის  ზორბა ტაროების  ტევა აღარ იყო. სკოლის  ღობეებზე ასკილი, მწვანე და წითელი კუნელი,  ბროწეული, კომში  და  შავი ყურძნის მტევნები იწონებდა თავს.
       სკოლაში  გამართული  ,,შემოდგომის ფესტივალი“  ორი  ნაწილისგან შედგებოდა.   პირველ ნაწილში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა  აჩვენეს თავიანთი ხედვა და დამოკიდებულება შემოდგომის მიმართ, მათ თავისებურად გააცოცხლეს  წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო.  ულამაზეს  სამოსში გამოწყობილი  თვალხატულა გოგო-ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ   ლექსის თქმაში,  ცეკვასა და სიმღერაში.
       მთავარი სანახაობა სკოლის ეზოში, ნაძვების ხეივანში გაიმართა, ამჯერად  სტუმრების ახალი ნაკადი  მობრძანდა, რომელთა შორის იყვნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის  უფროსის მოვალეობათა  შემსრულებელი ბატონი გიგა ციბაძე და ქალაქის სკოლების  ხელმძღვანელი მუშაკები. მობრძანებულ სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი  ქალბატონი თეა, გააცნო  მათ  მოსწავლეთა ჩანაფიქრი  და მოსალოდნელი შედეგები, რომელსაც ამ ღონისძიების განხორციელებით  მიიღებდნენ ჩვენი აღსაზრდელები, პედაგოგები, მთლიანად სკოლა და პროექტში ჩართული მოსწავლეთა მშობლების დიდი რაოდენობა.
       გაიმართა ღონისძიების დასკვნითი განყოფილება, ახლა ჯერი  საბაზო   და საშუალო საფეხურის მოსწავლეებზე იდგა. მათ მოაწყვეს ინსცენირება, წარმოადგინეს  წელიწადის ამ უმშვენიერეს დროსთან - შემოდგომასთან, მოსავლის აღებასთან დაკავშირებული საქართველოს  სხვადასხვა კუთხეში   არსებული ტრადიციები, მოსწავლეებმა  განასახიერეს   სვანების, კახელების, მეგრელების, გურულების  ყოფაში არსებული თავისებურებები.  უცებ გაისმა მუსიკა და რას ვხედავთ,  სკოლის მე-11  კლასის მოსწავლე ჯიმი  სულაქველიძე ახორციელებს იმიტაციას  ფრანკო კასტელანოს ცნობილი ფილმიდან ,,ჭირვეულის მორჯულება“. არაჩვეულებრივი მუსიკის თანხლებით,   ჯიმი ხის უზარმაზარ კასრზე  დაყრილ ყურძენს  ფეხით ჭყლეტდა,  რადგან საქართველო  ტრადიციულად მეღვინეობის ქვეყანაა, ყურძნის ფეხით დაწურვა ბუნებრივად შეერწყა ჩვენს ღონისძიებას.   დიდი იყო აღფრთოვანება, ოვაციები... ახლა ჯერი მშობლებზე დადგა...მათ უგემრიელესი თათარა მოადუღეს, იქვე ხარიხაზე გადაკიდებული თხილისა და ნიგვზის ასხმები  თათარაში ამოვლებას ელოდნენ...  პირველი ჩურჩხელის ამოვლება  ბატონმა გიგა ციბაძემ  განახორციელა, შემდეგ კი სტუმარმა ქალბატონებმა, ჩურჩხელა ამოავლო ქალბატონმა თეამაც, მშობლებმაც, მოსწავლეებმაც... იმერულ, სვანურ, გურულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები   აგუგუნებდნენ  ქართულ მრავალჟამიერს.
         ნამდვილი ფერთა ზეიმი იდგა, ნამდვილი შემოდგომის მეჯლისი იყო, რაშიც ბუნების ჯადოსნური ხელიც ერია - მშვიდი, მზიანი შემოდგომის დღე  ძალას გვმატებდა.
     ღონისძიებით კმაყოფილმა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მოვალეობათა შემსრულებელმა ბატონმა გიგა ციბაძემ   შეაქო მოსწავლეები შესანიშნავი შესრულებისათვის, ხოლო სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები  კარგად გააზრებული და განხორციელებული ღონისძიებისთვის.  ,,შემოდგომის ფესტივალზე“ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა  სკოლის დირექტორი  ქალბატონმა თეა ჩხეტია, მან  კიდევ ერთხელ  მიულოცა ბავშვებს და აღნიშნა,  რომ  პროექტით დასახული მიზანი მიღწეულია, ამასთან გამოთქვა დიდი მადლიერება, რომ  მათ გამოიჩინეს დიდი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, რომ მათ  შეძლეს   ეჩუქებინათ  სტუმრებისათვის   ერთი ბედნიერი დღე.
        სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო   სკოლაში  გამართული ,,შემოდგომის ფესტივალით“   მე-8 სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი სასახელო ფურცელი ჩაიწერა.

მზია ზარნაძე
სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი











    2017 წლის 29 დეკემბერს საზეიმოდ  მორთულ სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა  საახალწლო კარნავალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის სსსმ მოსწავლეებმა გუგა ჯებაშვილმა (მე-8 კლასი) და ნინო ცხადაძემ (მე-3 კლასი). აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა  გაზეთ ,,ახალ განათლებაში" N1, 25 იანვარი, 2018 წ.




2016 წელი. ივნისი, გაზეთი  ,,ახალი განათლება"N25

                          







2016 წელი, გაზეთი ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი", N1-2, იანვარი-თებერვალი,  გვ.8




2016 წელი.  2-8 ივნისი, გაზეთი  ,,ახალი განათლება"N21

2016 წელი.   3-9 მარტი, გაზეთი  ,,ახალი განათლება"N9



20016 წელი, გაზეთი ,,უქიმერიონი" N1-2, გვ.9


2016 წელი.   17-23 ნოემბერი, გაზეთი  ,,ახალი განათლება"N21


2015 წელი.  14-20 მაისი,  გაზეთი  ,,ახალი განათლება"N21




2014  წელი.  1-7 მაისი, გაზეთი  ,,ახალი განათლება"



Комментариев нет:

Отправить комментарий